მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 12/17)
სამთავროს ტაძარი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.
სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
ბუნების ძეგლი საინტერესო გეოლოგიური აგებულებით გამორჩეული ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც წარმოიქმნა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მთა ქაბარჯინაზე. მთა წარმოადგენს ვულკანური ღვარის ბრტყელთხემიან ბორცვს, რომლის ფერდობებზეც დეკა ხარობს. მოსახლეობა ამ ადგილს უწოდებს „სახიზნარის კლდის სვეტებს“, ვინაიდან წინა საუკუნეებში ომიანობის პერიოდში, მტრის მოახლოვების დროს სოფლის მოსახლეობა სწორედ აქ იხიზნებოდა და თავს აფარებდა კლდეებს.
სვეტიცხოველი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. აქ IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე, როდესაც გიორგი I–ის მეფობის დროს ქვეყნის საერთო აღმავლობამ საშუალება მისცა მელქისედეკ კათალიკოსს აეშენებინა მის ნაცვლად დიდებული საკრებულო ტაძარი.
სიონის წყალსაცავი
წყალსაცავი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
სიონის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას. საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის.
სნოს ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
იხის ანალოგებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს სნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. იგი მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე.
სოდევეს სამების ეკლესია
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
სოდევეს სამების ეკლესია დარბაზულია (8,3X5,3 მ) განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კარ–სარკმელთა ღიობები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებულ აფსიდში, მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული. კონქის მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთით და დასავლეთით თითო სარკმელია. სამხრეთისა სწორკუთხაა, დასავლეთისა – თაღოვანი და საფეხურებიანი რაფა აქვს. კამარა კონსოლებზე (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კონსოლი) გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. ფასადები სადაა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.
სონდის ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ნაგებობათაგან უადრესია ეკლესია; მომდევნო ხანებში მისთვის დასავლეთიდან მიუდგამთ ზურგიანი კოშკი ისე, რომ კოშკის სწორი კედლის ნაწილი ეკლესიის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარზეა დაშენებული. უფრო გვიან ეკლესიისათვის სამხრეთიდან ვიწრო სადგომი მიუშენებიათ, რომლის სამხრეთ კედელი კოშკის სამხრეთ კედლის ხაზზე მდებარეობს. ამავე ხანებშია აგებული გალავანი და საცხოვრებელი ნაგებობა.