თბილისი (გვერდი 1/4)
აბო თბილელის სახელობის ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულზე მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. წმ. აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
აბრეშუმის მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია, რომელიც დაფუძნდა კავკასიის კუსტარული კომიტეტის მიერ, საქართველოში ხალხური რეწვისა და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია მსოფლიოს მეაბრეშუმეობის ქვეყნების პარკის უძველესი კოლექცია - 5 000 ჯიშით და ვარიაციით. სხვადასხვა წესით კუსტარულად ამოხვეული ხამი აბრეშუმის ძაფის კოლექცია, მცენარეული, მინერალური და ქიმიური საღებავებით შეღებილი ძაფები. კუსტარული საქსოვი დაზგები, ქსოვილები და საოჯახო მოხმარების სამშვენისები. პირველი ფაბრიკული წარმოების (ძირითადად ფრანგული) მრავალფეროვანი ქსოვილები. აგრეათვე მეაბრეშუმეობასთან და მუზეუმის საგანძურის “პირველ მეანაბრის “ ნიკოლოზ შავროვის მოღვაწეობასთან დაკავშრებული ფოტომასალები და სხვადასხვა სახის შემოწირულობები, ეგზოტიკური პეპლების კოლექცია.
ათეშგა – მაზდეანური სამლოცველო
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
თბილისის კლდისუბანში ზედა ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოს სიახლოვეს შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ნაშენი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილია დარჩენილი. ისტორიკოსთა ცნობით, აქ უძველესი დროიდან „მაზდეანური“ - ცეცხლთაყვანისმცემლური საკერპე – ათეშგა მდგარა. საგულისხმოა, რომ იგი როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ძეგლს საფუძვლიანი კონსერვაცია – რესტავრაცია აქვს ჩატარებული.
ანჩისხატის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია (ანუ დღევანდელი ანჩისხატი) ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ.
ბეთანიის მონასტერი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, თავიდან მონასტრის აშენება მდინარის გადაღმა ერთ მაღალ მთაზე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ როდესაც სამშენებლო მასალები აზიდეს მთაზე, მეორე დღეს აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ, მასალები მდინარე ვერეს ხეობაში ერთად დაწყობილი იპოვეს. ეს სასწაული ღვთის განგებას მიაწერეს და გადაწყვიტეს ზუსტად ამ ადგილას აეშენებინათ ტაძარი. არის მოსაზრება, რომ ამ ადგილას ზაფხულობით, თამარ მეფე ჩამოდიოდა დასასვენებლად.
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 50-იანი წლებში აშენებულ კავკასიის მთავარმართლებლის – ალექსანდრ ბარიატინსკის სასახლეში. მუზეუმში წარმოდგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები: ხელნაწერები - (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX ს.ს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულებები), ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მხატვართების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.
გლდანის (თეთრი) ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მ, ხოლო სიგანე — 300 მ.[2] ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს.[3] მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ტბა გაუდინარია.
გლდანის პატარა ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
გაუდინარი ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში. მდებარეობს ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდი გლდანის ტბიდან დასავლეთით, ზღვის დონიდან 530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ², აუზის ფართობი 0,31 კმ². სიგრძე 300 მ, სიგანე 170 მ. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. წყალი მლაშეა.
დედაენის ძეგლი
მონუმენტი (თბილისი - თბილისი)
დედა ენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის ბაღში ჩატარდა დიდი მიტინგი ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, რამაც შედეგი გამოიღო და ქართული სახელმწიფო ენად დარჩა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მოგვიანებით ბაღში დაიდგა დედა ენის ძეგლი (არქიტექტორები: ელგუჯა ამაშუკელი და ნოდარ მგალობლიშვილი).