ახმეტის რაიონი (გვერდი 1/4)
ალავერდის კომპლექსი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – წმინდა იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი. დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
ახმეტის ღვთაების ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ახმეტის ღვთაების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VI საუკუნის II ნახევრით. შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან, მთელ სიგრძეზე მინაშენი ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი, კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდელი, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.
ბასოს ნასოფლარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
კოშკი დგას ნასოფლარის განაპირას სამხრეთით. აშენებულია XVII-XVIII საუკუნეებში. ექვსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (5.6X5.15 მ), შემორჩენილი სიმაღლე 11.5 მ), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ყველა სართული I-სა და ბოლოს გარდა, ნაკელნარევი მიწითაა შელესილი. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. II სართულის სამხრეთ და დასავლეთ კდლებში თითო სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში – სათოფური. III სართულის სამხრეთ კედელში მიწიდან 3.5 მ სიმაღლეზე კარია. ამავე სართულზე, დასავლეთ კედელში, სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – სათოფური, ჩრდილოეთისაში – დიდი ნიში.
გირევი (სეზონური სოფელი)
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
სოფელი შედგებოდა შემდეგი გვარებისგან: აზიკური, ხოსიკურიძე, შუარიძე. ასევე, სოფელში ჩამოსული იყვნენ სხვა გვარის მოსახლეები მეზობელი სოფლებიდან (ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა, ნაკუდურთა, უქა და ბოჭორმა). იგი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. სოფლის მოსახლეობის მოთხრობილის თანახმად, ციხეები ბაულელ ქისტ მამა-შვილს აუგიათ. მშვიდობიან პერიოდში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა.
გირევის კოშკი
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
გირევის კოშკი — მდებარეობს თუშეთში, ნასოფლარ გირევის დასავლეთით 0,5 კილომეტრზე, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. იგი ხუთსართულიანია (4,2 X 3,9 მ, სიმაღლე 18,3 მ), ზემოთკენ შევიწროვებული, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკის პირველი და ზედა სართული შეკრული კამარითაა გადახურული, დანარჩენების კი, ხის კოჭებს დაყრდნობილი ბრტყელი გადახურვა ჰქონია. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის სამხრეთ კედელშია - მიწიდან 2,1 მეტრის სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. სართულის დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. პირველი სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი სათავსია. პირველი სართული მეორე სართულთან, კამარაში მოწყობილი სწორკუთხა ხვრელითაა დაკავშირებული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში სარკმელია, დანარჩენ კედლებში – თითო სათოფური. მესამე და მეოთხე სართულების გადაწყვეტა მეორის ანალოგიურია. მეხუთე სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა ზემოთ ისრულთაღოვანი სარკმელი „სამზირი“ გრძელდება.
დანოს ნასოფლარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 40 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 13 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 53). სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ – თავბერიძე, ალხანაიძე, შახაძე, თათარაიძე, ლუხუმაიძე, ხელაიძე, ხაპრიძე, ომარაიძე. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა. ამჟამად ზაფხულში ადიან დანოელები, რომლებიც თავის დროზე კახეთში ჩამოსახლდნენ.
დართლოს არქიტექტურული კომპლექსი
სხვადასხვა (კახეთი - ახმეტის რაიონი)
შუა საუკუნეების არქიტექტურული ნაკრძალის – დართლოს დაცვა და გადარჩენა 2012-2013 წლის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იქნება. ახმეტის მუნიციპალიტეტის, თუშეთის, პირიქითა ხევის ისტორიულ სოფელში ტრადიციული მასალის გამოყენებით, პირვანდელი სახე დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებელ ძეგლებს. დართლო ახალი კონცეფციით შეიქმნება დართლოს ისტორიული, სამუზეუმო და საკულტო-სარიტუალო ზონა; რეაბილიტაცია განხორციელდება ძველ სოფელში და აღდგება წმ. გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესია. სიძველეების აღდგენის პარალელურად შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა: აშენდება თანამედროვე და ამავდროულად დართლოს განუმეორებელ ლანდშაფტთან შერწმყმული ახალი ნაგებობები – კაფე, სუვენირების მაღაზიები და საკემპინგო ზონა, სადაც სპეცილურად შეიქმნება ავტოსადგომი, ღია სასადილო და საზოგადოებრივი სველი წერტილები. დართლოს რეაბილიტაცია ხორციელდება პრეზიდენტის ინიციატივით, კახეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფიანანსებით. დართოლს შუა საუკუნეების 70 ისტორიული საცხოვრებლები დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაშია. საუკუნეების განმავლობაში, ნალექების, ბუნებრივი სტიქიების და ზოგადად უყურადღებობის, არასწორი სარემონტო ჩარევევიბით არქიტექუტურული კომპლექსი სახეს იცვლიდა და ეტაპობრივად ნადგურდებოდა… … 2008 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დართლოს ისტორული ძეგლების სრული დოკუმენტაციის შექმნა. მრავალწლინი საპროექტო სამუშაობისას მოხდა თითოეული ნაგებობის აზომვა, ფოტოფიქსაცია და კველვა. არქიტექტორ-რესტავრატორთა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა მსხვილი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედება დართლოში ფიზკური სამუშაოების დაწყებას. პროექტი 15 თვის განმავლობაში განხორციელდება. დართლოს არქიტექტურული ნაკრძალი კიდევ მრავალი საუკუნე გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს და მოგზაურობის, დასვენებისა და ქვეყნის ისტორიულ სახის წარმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი იქნება. “თუშეთობა 2012″ წლის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტორმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მთავარმა მრჩეველმა პეტრე კანკავამ, დართოს მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს და სოფლის განახლების დაწყება მიულოცეს.
დიკლო
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოს თემში. მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში. მდინარე თუშეთის ალაზნის ხეობაში. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 16 ადამიანი. აქედან 5 მამაკაცია, ხოლო დანარჩენი 11 ქალი. მოსახლეობის უმრავლესობა, 94% ეროვნებით ქართველია.