მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 11/17)
ჟინვალის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (5,5X3,9 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი, დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და კამარის სამხრეთ გვერდი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღით, ხოლო შიგნით თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, აგურით გამოყვანილი პატარა თაღოვანი სარკმელია. აფსიდის თაღი, რომლის მთლიანად აგურითაა ნაწყობი, რიყის ქვის ერთსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ერთი წირთხლი და ქვის ბრტყელი გადახურვის ნაწილი. 1940-იან წლებში, ეკლესიის სხვა დანიშნულებით გამოყენებისას, აფსიდის იატაკი 1 მ-ით აუმაღლებიათ, რომლის შუაში პატარა წრიული ავზი მოუწყვიათ კვადრატული დარბაზის ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ კიდეში პატარა სწორკუთხა ნიშია.
ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
972-73 წწ. არქეოლოგიურად შესწავლილი (ხელმძღვანელი რამინ რამიშვილი) კვირაცხოვლის სამაროვანი და ეკლესია (მ. რჩეულიშვილი), რომელიც ხევსურეთის დროებითი ტრასის გაყვანასთან დაკავშირებით 1976 წ. მთლიანად დაანგრიეს, მდებარეობდა სოფელ ჟინვალს გაღმა, არაგვის მარცხენა ნაპირზე.
ჟინვალის სამლოცველო
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნაგებობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (18,7X9 მ), შეადგება სამი სათავსისგან. ნაგებია ალიზის აგურით - 0,5-0,6 მ. სისქის რიყის ქვის საძირკველზე. სათავსები გამიჯნულია 0,25-0,3 მ სისქის ტიხრებით. კედლები შელესილია. შენობას ჰქონდა ხის მძლავრ კონსტრუქციაზე დაყრდნობილი ბრტყელი სახურავი.
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).
ჟინვალის ხერთვისის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
1972-74 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). 1984 წელს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავტაციო საწარმოო სახელოსნომ კოშკი და გალავანი გადაიტანა და აღადგინა დაბა ჟინვალთან.
რევაზ ერისთავის სასახლე
სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
რევაზ ერისთავის სასახლე აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. ეკუთვნოდა ქართველ პოეტსა და მთარგმნელს რევაზ შალვას ძე ერისთავს. XX საუკუნის 20–იანი წლებიდან 1991 წლამდე სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმეა გადაკეთებული, ამის შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
როშკის ლოდების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
როშკის ლოდები მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი „ერატიული“ („მოხეტიალე“) ლოდების რიცხვს. მათი განზომილებებია 19X5X7 (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), 22X13X10, 22X20X8, 25X10X11 („გახლეჩილი ლოდი“). შედარებით ნაკლები სიდიდის, მაგრამ შთამბეჭდავი ერატიული ლოდები დიდი რაოდენობითაა მიმოფანტული აბუდელაურის ხეობის უფრო მაღალ ნაწილებში და აგრეთვე როშკის ქვემოთაც - მდ. ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ყველა ეს ლოდი ჭაუხის მასივიდან ჩამოიტანა პლეისტოცენურმა მყინვარმა. ამ მყინვარის ბოლო სოფელ ღელისვაკეკესთან მდებარეობდა ზღვის დონიდან 1450 მ სიმარლეზე.
საგურამოს ქასურის წმ. გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკა
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ასურელი მამის, იოანე ზედაზნელის ცხოვრების მიხედვით, საგურამოს ქასური წმ. გიორგის სამონასტრო ეკლესია დაარსებულია VI საუკუნეში მოღვაწე ასურელი მამის იოანე ზედაზნელის მოწაფის, თათა სტეფანწმინდელის მიერ, იოანე ზედაზნელის სიცოცხლის პერიოდშივე. ასურელ მამათა ცხოვრების წიგნები ქართული ლიტერატურის იმ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაც მარტო მხატვრული ღირებულებებით არ შემოიფარგლება. ეს შესანიშნავი ნაწარმოებები უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავენ VI საუკუნის საქართველოს ცხოვრების შესახებ.