მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 13/17)
სოფელი შატილი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
შატილი საუკუნეების მანძილზე იცავდა საქართველოს ჩრდილოეთის ტომების (ჩეჩნების, ინგუშების და ნაწილობრივ დაღესტნლების) შემოსევისაგან. ციხე ქალაქებიდან ის ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იყო და ძირითადად შემონახული სახით შემოგვრჩა.
სუმბიანის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
სუმბიანის ეკლესია ნაგებია აგურით; აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა (7,5 X 5,53 მ). აქვს ორი შემოსასვლელი; ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია, მეორე ჩრდილოეთ კედლის დასასავლეთ ნაწილში. დარბაზი გეგმით წარმოადგენს მოკლემკლავებიან სწორკუთხა ჯვარს, რომელიც აღმოსავლეთით დაგრძელებულია ბემათი და აფსიდით. აფსიდის სარკმელის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ყელის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში წიბოებს აგურის ლილეი აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელი დასრულებულია წრეთარგიანი ლავგარდნით.
ტანიეს ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ტანიეს ტბა — კარული ტბა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2232 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,033 კმ², უდიდესი სიღრმე 7,6 მ, წყლის მოცულობა 123 ათ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია — გაზაფხულ-ზაფხულში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი აგრეთვე გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს. სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანებული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”
ქაჩუს (თხორუს) ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი და ეს არხი გადაკეტეს. ქაჩუვლებმა ამ რთული სიტუაციიდან საინტერესო გამოსავალი მოძებნეს - აიღეს თხორი (შალის ძაფის დიდი გორგალი) და ჩაუშვეს არღუნში, შემდეგ ამ თხორს წურავდნენ და სასმელად საკმარის წყალს ღებულობდნენ. ამიტომაც ეწოდა მეორე სახელიც - თხორუს ციხე
ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25-30 მილიონ ლიტრ ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300-350 ლ/წმ. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება სოფელ ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.
ქოროღოს ღვთისმშობელის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,8X7,6 მ), აგებულია - X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ამ ტიპის ნაგებობებს შორის გამოირჩევა შიდა სივრცის სრულიად განსხვავებული, თავისებური გადაწყვეტით. ნაგებია ნატეხი ქვითა და ფიქლით. კონსტრუქციული ნაწილები (კამარები, კონქი, თაღები, ბურჯები), კარ–სარკმლის მოპირკეთება და ლავგარდანი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. საკურთხევლის მხრების ხაზზე ორი კვადრატული ბურჯი დგას, რომლებსაც აღმოსავლეთის მიმართულებით გადაყვანილი ორსაფეხურიანი თაღები ეყრდნობა
ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (6,8X5 მ), განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და მოყვითალო ფერის კირხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღეძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის გარეთა ღიობი ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება და დასრულებულია ერთ ქვაში გამოკვეთილი, თითქმის წრის ფორმის თაღით
ქსნის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა – შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემიაო. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა