მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 9/17)
მუხრანის კომპლექსი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს.
ნაზღათ ციხე (მლეთის ციხე)
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნაზღათ ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული. ციხე გეგმით სწორკუთხაა (20 X17,8 მ), კედლით გაყოფილი იყო ორ ნაწილად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ეზოებად. ციხის ჩრდილო–დასავლეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეებში, აგრეთვე ეზოს გამყოფი კედლისა და ციხის ჩრდილო კედლის გადაკვეთაზე, თითო სწორკუთხა კოშკი იდგა (შემორჩენილია დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი და ჩრდილო–დასავლეთ კოშკი).
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
დარბაზული ეკლესია (6X3.4 მ) ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ იყო დაზიანებული. შენობას სახურავის საფარი, ლავგარდანი და საფასადო წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილი ჰქონდა. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში იყო გაჭრილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მდებარე სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილი იყო თითო პატარა სწორკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიყრდნობილი იყო ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესია განათებული იყო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით.
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესიები და სამაროვანი
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
971–84 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბ.ჯორბენაძე). სამაროვნის ორი აკლდამა და ორი ეკლესია თავისი სამარხებითურთ გადატანილი და აღდგენილია აკც–ის (ო. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიურ კვლევის ცენტრი) დუშეთის არქეოლოგიური ბაზის ეზოში. ძეგლი, 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.
ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია (4,6X3,1 მ) აგებული იყო პატარა ბაქანზე, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან გამაგრებული იყო კლდის ნატეხი ქვით ნაშენი კედლებით. მათგან დასავლეთის კედელში მოწყობილი იყო ერთ თაღოვანი ნიშა. ხოლო ჩრდილოეთის კედელში–ბრტყლად გადახურული და კირხსნარით შელესილი ორი მოზრდილი და ერთი მცირე სამალავი. ეკლესია თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი იყო სწორკუთხა საკურთხევლის კედლების ნაწილი და დასავლეთ და სამხრეთ კედლების საძირკვლები. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა. ეკლესიას გარს ერტყა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. რომლის დასავლეთ კედელში გარედან ორი კონტრფორსით გამაგრებული შესასვლელი იყო მოწყობილი.
ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია (8,4X4,6 მ) მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო–აღმოავლეთით. განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელი ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი (მთლიანად იყო დანგრეული) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.