აფხაზეთის რეგიონი (გვერდი 1/4)
ადუედა აძიჟი
ტბა (აფხაზეთი - ტყვარჩელის რაიონი)
ადუედააძიჟი — კარული ტბა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2411 მ. უჭირავს მყინვარული კარის ძირი. ზედაპირის ფართობი 0, 32 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 2,3 კმ², საშუალო სიღრმე 29,6 მ, უდიდესი — 64 მ. წყლის მოცულობა უდრის 9, 48 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. უმაღლესი დონე აქვს ზაფხულის პირველ ნახევარში, დაბალი — ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე ადუედა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 16-18 °C, ზამთარში იყინება. წყალი მტკნარია.
ამტყელის (აზანთა) ტბა
ტბა (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ამტყელი (აზანთა) — ტბა აფხაზეთში გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა — 153 კმ², სიღრმე 64 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდინარე ამტყელს.
ანიშხწარა
ტბა (აფხაზეთი - გაგრის რაიონი)
ანიშხწარა — ტბა აფხაზეთში, ბიჭვინთის კონცხზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 0,6 მ სიმაღლეზე. სიგრძე 0,2 კმ, სიგანე 0,15 კმ, სარკის ფართობი 0,33 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4,3 მ. ტბა მოქცეულია სანაპირო დიუნებს შორის. თითქმის მთლიანად დაფარულია წყლის მცენარეულობით. სანაპირო დაჭაობებულია.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი
ეკლესია (აფხაზეთი - ოჩამჩირის რაიონი)
კონცხად გამოწვდილი თხემი, რომელზეც ბედიის ტაძარია აღმართული, სამი მხრიდან შემოზღუდულია კლდეებით. მეოთხე მხარეს _ დასავლეთით, ეს მცირე გავაკებული მოედანი ვიწროვდება და გორაკის ფერდობს უერთდება. სწორედ აქ, ამ ვიწროზე იყო აღმართული ორსართულიანი სასახლე და კარიბჭე–სამრეკლო.
ბესლეთის ხიდი
ხიდი (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
ბზიფის ციხე
ციხე-კოშკი (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)
ციხესიმაგრე აფხაზეთში. მდებარეობს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზიფში. გალავანშემორტყმული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს VIII-X საუკუნეების ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი ოთხ თავისუფალ მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმოსავლეთით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს. ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
გალის წყალსაცავი
წყალსაცავი (აფხაზეთი - გალის რაიონი)
გალის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდინარე ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან. აშენდა 1969 წელს. წყალშემკრები აუზის ფართობი 166 ათ. კმ², სარკის ფართობი 8,2 კმ², წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ მ³, სასარგებლო მოცულობა 110 მლნ. მ³, საშუალო სიღრმე 17,7 მ, უდიდესი სიღრმე 42,3 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ერისწყლისა და მდინარე ენგურის ჩამონადენით, რომელიც წყალსაცავში ჩაედინება ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით. გალის წყალსაცავის ფსკერი დაფარულია ალუვიონის სქელი ფენით. ნაპირები ზედა ნაწილში დამრეცია, ქვედაში — ციცაბო. აღინიშნება მეწყრული პროცესები. სანაპირო შემოსილია ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.
განთიადის ბაზილიკა
ეკლესია (აფხაზეთი - გაგრის რაიონი)
განთიადის ტაძარი — VI საუკუნის სამაფსიდიანი ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი). აშენებულია 543 წელს [საჭიროებს წყაროს მითითებას], მაგრამ არაერთხელ იყო გადაკეთებული VIII—X საუკუნეებში. 1576 წელს ნაწილობრივ დაინგრა ოსმალეთის შემოსევებისაგან. არის აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი. ჩვენამდე მხოლოდ ბაზილიკის ნანგრევები შემორჩა.
გირაფის ტბა, ყვარაშის ტბა
ტბა (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
გირაფის ტბა, ყვარაშის ტბა — ტბა ჩხალთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2178 მ-ზე. ტბის ქვაბული წარმოადგენს მყინვარულ კარს. წყლის სარკის ფართობი 0,077 კმ², აუზის ფართობი 0,82 კმ², უდიდესი სიღრმე 15,6 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გამდინარეა. არის კალმახი.