აფხაზეთის რეგიონი (გვერდი 4/4)
რიწის ტბა
ტბა (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)
რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა, აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად. 1946 წელს შეიქმნა რიწის დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად. ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა. იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.
სათანჯოს ციხე
ციხე-კოშკი (აფხაზეთი - გალის რაიონი)
მდიანრე ენგურის მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე, წამოდგმულია ციხე, რომელსაც სათანჯო ჰქვია (ს. მაკალათიას აზრით: „სიტყვა სათანჯო წარმოშობილია ტერმინ „თანჯიდან“, რომელიც ნიშნავს სამანს, საზღვრის ნიშანს“). ციხისთვის ისეთი მოხერხებული ადგილი შეურჩევიათ, რომ ყოველი მხრიდან მოჩანს. იგი არა მარტო ენგურის ხეობაზე ბატონობს, არამედ მთელი კოლხეთის დაბლობზე, ზღვის სანაპიროს ჩათვლით. ეს მეტად მნიშვნელოვანი სადაზვერვო პუნქტი აქ გამავალ სიმაგრეთა ჯაჭვის მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იქნებოდა. სამწუხაროდ, მის მნიშვნელობაზე, გადატანილ ომებზე, მატიანეებში არაფერია ნათქვამი.
სვიმონ კანანელის ეკლესია
ეკლესია (აფხაზეთი - გუდაუთის რაიონი)

წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი მდებარეობს სოხუმთან ახლოს, თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე - ივერიის მთაზე. მისი თავდაპირველი მშენებლობა VII - VIII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო დღევანდელი ნაგებობა ქართული ხუროთმოძღვრების IX-X საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში.
ფსიკვას ტბა
ტბა (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ფსიკვა, დიდი ფსიკვა — მთის ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ქალაქ სოხუმიდან 35 კილომეტრში. მდებარეობს ბზიფის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2401 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,04 კმ², აუზის ფართობი 0,49 კმ², მაქსიმალური სიღრმე 15,5 მ, საშუალო სიღრმე 5,2 მ, წყლის მოცულობა უდრის 0,21 მლნ. მ³-ს.
ღუმურიშის ეკლესია
ეკლესია (აფხაზეთი - გალის რაიონი)
ოქუმისწყალის ხეობა ადრე და განვითარებულ შუასაუკუნეებში ეგრისის საერისთავოს (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით საბედიანოს) ნაწილი იყო. გვიან შუასაუკუნეებში იგი ჯერ სამეგრელოს სამთავროს ნაწილია, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნიდან რუსეთთან შეერთებამდე კი სათავადო სამურზაყანოსი.
ჩხორთოლის ეკლესია
ეკლესია (აფხაზეთი - გალის რაიონი)
ჩხორთოლის დარბაზული ტიპის ეკლესია. სოფ. ჩხორთოლი, ოჩამჩირის რაიონი. IX-X სს. გალის რაიონული ცენტრიდან 26 კმ-ის დაშორებით, სამურზაყანოს დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, მინარეების ოხოჯესა და ოქუმისწყალს შორის მდებარეობს სოფ. ჩხორთოლი, რომლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი ეკლესია. სოფლის ცენტრში დაცული ტაძარი XIX –XX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა ადგილობრივი თავადებისა და «ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების» მიერ, ხოლო მეორე, დარბაზული ტიპის ეკლესია სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ. მანძილზე, მდ. ოხოჯეს შენაკად ჯუხუს სიღრმეში, მდინარის მარცხენა მხარეზე, დამრეცი ფერდობის მცირე დავაკებაზე მდებარეობს.
ცისფერი ტბა
ტბა (აფხაზეთი - გაგრის რაიონი)
ცისფერი ტბა — კარსტული ტბა საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთში (გაგრის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,0012 კმ², უდიდესი სიღრმე 23 მ, საშუალო სიღრმე 15 მ, წყლის მოცულობა 18000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი. ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 8,5°.