მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 16/17)
ძეგვის სამების მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ძეგვის სამების ეკლესია, დარბაზული ტიპისაა (7,9X8,4 მ), აგებული სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებით. შიგნიდან და გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ღრმა აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ ოთხკუთხა, ხოლო მარცხნივ ნახევარწრიული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია, ერთი ოთხკუთხა-კარის თავზე. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. შენობა შიგნიდან შელესილია.
წეროვანის კეხიჯვრის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (9,04X8,11 მ), ნაგებია გულმოდგინეთ შერჩეული ნატეხი და რიყის ქვით, კონსტ. ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით – ღია-მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია (სახურავი ჩაქცეულია და სხვა). ეკლესიის აფსიდი ნალისებრია. სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმლებია ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის მინაშენი (სამსხვერპლო; კამარა ჩანგრეულია), რომელშიც შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთისა (შემორჩენილია საძირკველი) კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი სათაურით.
წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ “ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა შენება და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა”. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: “არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა”
წკერეს კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (4,9X4,1 მ), ჩაშენებულია გალავნის დასავლეთ კედელში ისე, რომ მისი დასავლეთ კედელი გალავნის ნაწილია. შენობა აგებულია რუხი ფერის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კარ-სარკმელთა საპირეებისა და ლავგარდანისათვის მოწითალო თლილი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სარკმელი, მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია
წკერეს ნარაიძეების ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი გეგმით კვადრატულია (4,4X4,4 მ), ოთხსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 2,6 მ სიმაღლეზე. კარი არქიტავრიანია, მასზე გარედან ხელის მტევნის სქემატური გამოსახულებაა; კარის წირთხლებში საურდულე ბუდეებია. კარის წინ მიდგმულია ქვის ბლოკებით ნაგები კიბე. პირველი სართული სამალავია, სამხრეთით ერთი სათოფური აქვს
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია დარბაზულია (5X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია გადახურვისა და კედლების დიდი ნაწილი. სამხრეთით არქიტავრიანი სწორკუთხა კარია. ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა საკურთხეველში, სარკმლის წინ, სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვა. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
ჭილაშვილების ციხე-დარბაზი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ე.ი. ქართლ–კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანასშვილმან, მილახვართან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღთი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქესსა ჩყ.ქკსსა უპც“ (წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).