კატეგორია - ეკლესია (გვერდი 21/39)
ნადარბაზევის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
წმ. გიორგის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,75X6 მ) ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა.
ნასოფლარ ჟინვალის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
დარბაზული ეკლესია (6X3.4 მ) ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ იყო დაზიანებული. შენობას სახურავის საფარი, ლავგარდანი და საფასადო წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილი ჰქონდა. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში იყო გაჭრილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მდებარე სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილი იყო თითო პატარა სწორკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიყრდნობილი იყო ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესია განათებული იყო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით.
ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნასოფლარ ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია (4,6X3,1 მ) აგებული იყო პატარა ბაქანზე, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან გამაგრებული იყო კლდის ნატეხი ქვით ნაშენი კედლებით. მათგან დასავლეთის კედელში მოწყობილი იყო ერთ თაღოვანი ნიშა. ხოლო ჩრდილოეთის კედელში–ბრტყლად გადახურული და კირხსნარით შელესილი ორი მოზრდილი და ერთი მცირე სამალავი. ეკლესია თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. შემორჩენილი იყო სწორკუთხა საკურთხევლის კედლების ნაწილი და დასავლეთ და სამხრეთ კედლების საძირკვლები. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა. ეკლესიას გარს ერტყა ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. რომლის დასავლეთ კედელში გარედან ორი კონტრფორსით გამაგრებული შესასვლელი იყო მოწყობილი.
ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია (8,4X4,6 მ) მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო–აღმოავლეთით. განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელი ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი (მთლიანად იყო დანგრეული) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.
ნაჯახავოს (ნაჯახოვოს) ეკლესია
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ისტორიული ცნობები ნაჯახავოს ეკლესიის შესახებ არ მოგვეპოვება. ეს ეკლესია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა. ჩვენამდე მისი კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილმა მოაღწია. ძეგლის თავდაპირველ თარიღად მკვლევრები VIII-IX საუკუნეებს ვარაუდობდნენ. ბოლო პერიოდის ლიტერატურაში კი ეკლესია X საუკუნით არის დათარიღებული.
ნეძვის სამეკლესიიანი ბაზილიკა
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ნეძვის სამეკლესიიან ბაზილიკაშიცა და ბორჯომის ხეობის სხვა ძეგლებშიც, რომლებიც IX-X საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული, ხოლო ჩითახევის მონასტრის ეკლესიის (IX ს.) დასავლეთი გარშემოსავლელი სამხრეთისაგან მასიურ ბურჯზე გადაყვანილი თაღებით იყო გამოყოფილი; არის შემთხვევები ამ მონაკვეთის კედლით გამოყოფისაც (გუჯრისხევი, სანარია, საკირე...). ჩვენი ეკლესიის თავისებურება ისაა, რომ ყველა სხვა ძეგლისაგან განსხვავებით აქ არ არის გაჭრილი შესასვლელი დასავლეთიდან. სხვა მხრივ კი, ყველა მათგანივით გარშემოსავლელთა ნაწილების მეტნაკლები გამიჯვნა უპირისპირდება კლასიკური ხანის ერთიან დინებაში შერწყმულ გარშემოსავლელებს (ზეგანის ყვალაწმინდა, ამიდასტური, ნეკრესის სამეკლესიიანი ბაზილიკა).