კატეგორია - ეკლესია (გვერდი 22/39)
ნიკორწმინდის ტაძარი
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. Mმისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.
ნიქოზის ღვთაების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნიქოზი დაარსა ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი. აქვე, მემატიანე ჯუანშერის ცნობით, მანვე ააგო ეკლესია, რომელიც დღემდე არ შემონახულა. ეკლესია რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. ეკლესიაზე სარემონტო სამუშაო 1888-1896 წლებშიც ჩატარდა. ეს საქმე სხვებთან ერთად გიორგი საძაგლიშვილმა (მომავალში კათალიკოს-პატრიარქი კირიონი) ითავა. ამ დროს დაუშლიათ ეკლესიის დასავლეთ კარის წინ არსებული პორტიკი და განუახლებიათ ეკლესიის სარკმელთა საპირეები. პირველი ნიქოზელი ეპისკოპოსი ზაქარია უნდა ყოფილიყო, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის თავზეა მოთავსებული.
ოზაანის ამაღლების ტაძარი
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
XI – XII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. ოზაანთან. ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ კედელზე იყო თამარ მეფის ფრესკა, თუმცა სამწუხაროდ ფრესკამ ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია.
ოთარშენის წმ. გიორგის ნიში
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ოთარშენის წმ. გიორგის ნიში (თარიღი დაუდგენელია) დარბაზულია (3,8X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობა დანგრეულია, კედლები შემორჩენილია 0,7 მ სიმაღლეზე, გადარჩენილია მხოლოდ შესასვლელის სამხრეთი წირთხლის ორი ღვინისფერი შირიმის ქვა. შესასვლელი დასავლეთითაა. საკურთხეველი სწორკუთხაა.
ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (6,9X10,8 მ). ნაგებია შირიმის ქვის თლილი კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია საბჯენი თაღები, კამარა, აფსიდის კონქი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთ (ნაშთი შემორჩენილია კედლის დასავლეთ ნაწილში) და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში (შედარებით მცირე ზომისაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავიანი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია
ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ოლოზის წმ. გიორგის ეკლესია (დაუთარიღებელია) დარბაზულია (6,2X4,2), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და მოზრდილი ქვებიც. ძლირე დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტისა იყო.
ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (9X 5,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის უსწორო ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ვიწრო მხრებით. აფსიდის ღერძზე ერთი განიერი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მცირე ზომის თაღოვანი ნიშებია. აფსიდის იატაკი ეკლესიის ხის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. კამარა სატრიუმფო და გრძივი კედლების კრონშტეინებზე დაფუძნებულ საბჯენ თაღებს და დასავლეთ კედელს ეყრდნობა. დარბაზი შელესილია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების სარკმლების თავზე აგურის წყობით გამოყვანილია საფეხურიან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვრები. ლავგარდანი აგურის ორი რიგისაგან შედგება. სახურავი თუნუქისაა.