კატეგორია - ეკლესია (გვერდი 29/39)
უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ღვთისმშობლის ეკლესია (3,5X2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.
უფლისციხის ყვავის საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ყვავის საყდარი (ეკლესია) არის დარბაზული (10,6 X5,7 მ). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ეკლესიის ნაგებობის მახლობლას მისივე სახელწოდების ძველი ნამოსახლარია.
ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (12.4X10.8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ. ეკლესიის კედლები შელესილია, გაირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფეტვისხევის მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი- XV-XVI საუკუნეებისა. ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.
ფიტარეთის ტაძარი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ.
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (11X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები ამოყვანილია მოწითალო ფერის ნატეხი ქვის კვადრებით. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. გრძივი კედლების თითო პილასტრზე გადადის საბჯენი თაღი, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. კედლებზე დეკორად თაღებია. აღმოსავლეთ. ფასადზე, სახურავის ქვევით, კედელში ჩასმულ მოწითალო კლდის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.
ფოთოლეთის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის _ ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო და მხარში ედგა თავის მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII საუკუნის მიწურულს იგი თევდორესა და საბასთან ერთად, თან ახლდა გრიგოლს კლარჯეთში მოგზაურობისას. შემდგომში ქრისტეფორე ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში, აარსებს კვირიკეწმიდის მონასტერს.
ფოკის წმ. ნინოს ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ფოკის წმიდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. XI საუკუნეში სწორედ მისი სახელობის ტაძარი ააგეს. დარბაზული ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით… საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი “ხელოსანი ბევრელი”. დაპყრობითი ომებისას, XVII ს-ში ჯავახეთი და შესაბამისად, ტაძარიც დაცარიელდა. მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა ამ ტერიტორიების დაბრუნება.
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი აგრეთვე გამორჩეულია იმით, რომ საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრები იშვიათობას წარმოადგენს. სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანებული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ფხვენისის ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (8,9X5,4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული კარი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები - აღმოსავლეთით, და დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამაროვანი გადახურვის საბჯენი თაღი. ჩრდილოეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მაღალი ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადის სამხრეთ კუთხეში - ვარდული. შენობას შემოვლებული აქვს ტუფის ქვის ლავგარდნი. გადახურულია ღარიანი კრამიტით.