კატეგორია - ეკლესია (გვერდი 31/39)
ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (6,8X5 მ), განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და მოყვითალო ფერის კირხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღეძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის გარეთა ღიობი ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება და დასრულებულია ერთ ქვაში გამოკვეთილი, თითქმის წრის ფორმის თაღით
ქსნის არმაზის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
არმაზი ქსნისა, წმ. გიორგის ეკლესია, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. გუმბათის ყელი არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.
ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ლენტეხის რაიონი)
უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული. ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი.