სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 3/10)

ვაჩიანის ტბა
ზანავის ციხე
ზარზმის მონასტერი
ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია

ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია

მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.

ზედა თმოგვის ეკლესია
თისელის მონასტერი

თისელის მონასტერი

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
თისელის მონასტერი

ახალციხის რაიონში, სოფელ თისელის მახლობლად რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევია დარჩენილი. თვით სოფელი თისელი მთაშია, აწყურიდან დასავლეთით, 5-6 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან 1-1,5 კილომეტრზე, სამხრეთ- აღმოსავლეთით, მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები. ეს შენობა, როგორც ხელოვნების ძეგლი, დაღუპულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია (ტაძართან თუ დასავლეთის მხრიდან მიხვალთ, თითქოს შენობის განივკვეთს ხედავთ), ქვის პერანგი ერთიანად შემოძარცულია. გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვითა არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც. თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოგვეპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული. გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი. ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში. გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები დიდად უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება ახლახან ნახსენები უგუმბათო ეკლესია. იგი მარჯვნივ დგას, კედელივით შვეული კლდის საფეხურზე. გალავანი, რომელიც გზის პირამდის ჩამოდის, მისასვლელი გზა ამ გალავნის შიგნით, სხვა შენობები, მცენარეულობასა და ხავსშია ჩაფლული. ბუნებრივ კლდეებსა და შენობათა ნანგრევებს ერთბაშად ვერც კი გაარჩევთ ერთმანეთისაგან. სადგომთა დიდი ნაწილი ახლა მიწის ქვეშაა. საფუძვლიანი გაწმენდისა და გათხრის გარეშე აქ ძნელად თუ გაირკვევა რამე. თვით ეკლესია შედარებით კარგადაა გადარჩენილი. კედელ-კამარიანად დგას, საგანგებოდ ამოშენებულ ბაქანზე. კედლები თლილი ქვისაა. დასავლეთით კვადრატული კარიბჭეა. ყურადღებას იპყრობს კარიბჭის დიდი ვარსკვლავისებრი კამარა. ამგვარი კამარის უფრო კარგი ნიმუშები შეგვიძლია ვნახოთ ზარზმის ტაძრის კარიბჭესა და ზარზმისავე სამრეკლოში. სამხრეთის მხარეს ეკლესიაზე სამარხია მიშენებული. გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება. თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.

თმოგვის ციხე, ნაქალაქარი

თმოგვის ციხე, ნაქალაქარი

ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
თმოგვის ციხე, ნაქალაქარი

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი – გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება, სადაც შესაძლებელია აბანოსა და სამი სხვა ნაგებობის გარჩევა. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).

თოკის კოშკი
თორის (ნადარბაზევი)  ეკლესია
თორის (ნადარბაზევი)  სასახლე