კატეგორია - ეკლესია (გვერდი 3/39)
ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)

მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.
ანჩისხატის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია (ანუ დღევანდელი ანჩისხატი) ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ.
არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულია (9,2X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმლის საპირეები, ლავგარდანი და თაღები თლილი ქვისაა. გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიულ აფსიდში ღერძზე ვიწრო სარკმელია, მის მარცხენა მხარეს - თაღოვანი ნიშია. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ქვის კანკელი, რომელსაც თაღოვანი შესასვლელი აქვს.
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია დარბაზულია (7,1X5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია XII ს–ის მეორე ნახევარში 1150-1178 წლებში.. დარბაზულია (14,2X8,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შიდა სივრცე სამკაოდ გაშლილია, რასაც კიდევ უფრო შლის საკურთხევლის წინ არსებული ბემა. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო–აგურისფერია. საკურთხველეში მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. კონქის კომპოზიცია არ შემორჩა, შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის წელსზედა გამოსახულებებია, ქვედა რეგისტრი კი ეკლესიის მამათა ფიგურებს უკავია. დასავლეთ კედლელზე გაირჩევა წმინდა მეომრის ფიგურა შუბით და ფარით. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილია მცირე ორნამენტი, რომლის კოლორიტიც ყვითელი ოქრო, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებისგან შედგება.


.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)


_mth.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)