იმერეთის რეგიონი (გვერდი 5/5)

ღურღუმელას ტბა
ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი

ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)     
ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი

ოკრიბა-არგვეთის ქედში,უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ. მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი - მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება. მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე - 200 მ, სიგანე - 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები - ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი. მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის - VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს - შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა. თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.

წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი

წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (იმერეთი - ქუთაისი)     
წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ულამაზეს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდ. წყალწითელას კანიონისებურ ხეობას. ლეგენდის თანახმად წყალწითელას სახელი ხრესილის ომის დროს დაერქვა, რადგან სისხლისაგან წყალი წითლად შეიღება. სინამდვილეში როცა მდინარე დიდდება, ის წითელი მიწის ქანებს რეცხავს, რომლებიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ხეობაში ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სძენს საოცარ სამკურნალო თვისებებს. მდინარეშ მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა, მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი.

ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი

ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)     
ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა, რომლის სიღრმე5 მეტრია, გარშემოწერილობა კი 30 მ. ტბა მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე - კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა.

ჯაჭვის ხიდი

ჯაჭვის ხიდი

ხიდი (იმერეთი - ქუთაისი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ჯაჭვის ხიდი

ჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. აქ არის აღმოჩენილი V საუკუნის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, იგი 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.