ბურნაშეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)

ბურნაშეთი - სოფელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-სა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე - ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე. აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ.დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა". სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.
ბუღდაშენის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ბუღდაშენის ტბა — ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში. ზღვის დონიდან 2040 მ. ზედაპირის ფართობი 0,39 კმ2, აუზის ფართობი 69,3 კმ, მაქსიმალური სიღრმე 0,85 მ, მოცულობა 164 600 მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. მაქსიმალური დონე აქვს გაზაფხულზე, მინიმალური შემოდგომაზე. ბუღდაშენის ტბიდან გამოედინება მდინარე ბუღდაშენი (მდინარე ფარავნის მარცხენა შენაკადი). ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წლის მცენარეულობით. ტბაში არის კალმახი და სხვა თევზი. ზაფხულობით ბევრია მცურავი ფრინველი.