ალანძიის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)

ალანძა, ტოლოში — VIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის მუნიციპალიტეტი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. ალანძას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.
ალასტანის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)

სოფლის ცენტრში დგას X-XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII-XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.
ალგეთის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.
ალევის სამების ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)

ალევი, ძველი სოფელი ქსნის მარცხენა შენაკად ალეურის ქვემოწელზე (ახლანდელი ახალგორის რაიონი). იყოფოდა ქვემო და შუა უბნებად, რომლებიც შემდეგ ცალ-ცალკე სოფლებად იქცნენ (ახლანდელი ქვემო ალევი და შუა ალევი). ადამიანს ამ მიდამოებში უკვე ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. გვხვდება ანტიკური პერიოდის სამარხებიც. ფაოდალურ ხანაში ალევი ჯერ ქსნის ხევში შედიოდა, შემდეგ - ქსნის საერისთავოში. ეკუთვნოდა ალევის სამების ეკლესიას (VIII-IX სს.), რომელიც მის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-4 კმ-ზე უნაგირა მთის თხემზე დგას. ალევის ე. წ. ოქროსკარიანი სამების ეკლესია მდიდარი და განთქმული სალოცავი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. 1804 წელს ალევში 500-ზე მეტი კაცი ცხოვრობდა 33 კომლად. 1865 იგი ქსნის საპოლიციო უბნის ზემო ალევის სასოფლო თემში შედიოდა და 50 კომლს ითვლიდა.



_mth.jpg)
_mth.jpg)
_mth.jpg)
_mth.jpg)
_mth.jpg)