თხოთის მთის წმინდა ნინოს ეკლესია

თხოთის მთის წმინდა ნინოს ეკლესია

მოკლე აღწერა: აღაიანის სამხ.-აღმ.-ით 2 კმ-ზე მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე X-XI სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.

დამატებითი ინფორმაცია: ტაძარს შთამბეჭდავი ადგილი უკავია თხოთის მთის თავზე და აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდ.მტკვრის ხოების, მდ.ქსნის ხეობისა და მუხრანის დაბლობის მიმართულებით.

323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხნარის მხარეს, შემოიარა მისი სანახები და ავიდა თხოთის მთაზე, მაღლარ ტყეში, რომ გადაეხედა ასპისთვის, კასპისთვის და უფლისციხისთვის.
ზუსტად შეუადღეს მთაზე მას მზე დაუბნელდა, ჩამოღამდა და სრულმა უკუნმა მოიცვა ის არემარე. სიბნელის გამო მეფეს ყველა თანმხლები მხედარი შემოეფანტა და დარჩა მარტო და იარებოდა მთებზე და ტყე–ღრეში შეშინებული და შეძრწუნებული.

მარტოდდარჩენილი მეფე ბოლოს შეჩერდა ერთ ადგილას იმედგადაწურული, კეთილისმყოფელი ღვთის წყალობით გონს მოეგო და გულში გაიფიქრა: არმაზს და ზადენს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება, ვერ მიხსნეს ამ გასაჭირისგან; ისიც არ ვიცი მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, თითქოს ცოცხლად ჯოჯოხეთში ვიყო. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს და თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე იქნებ მიხსნას გასაჭირისგან.
მართლაც, მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა, რომ გაენათებინა მისთვის ბნელი და სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ აღიარებდა მის სახელს, აღმართავდა ძელს (ჯვარს) და აუშენებდა მას სახლს (ეკლესიას) სალოცავად. მეფემ, ასევე, პირობა დადო, რომ იქნებოდა ნინოს მორჩილი და მიიღებდა რომაელთა რჯულს (ქრისტიანობას).
ეს თქვა თუ არა მირიანმა, იმწამსვე გათენდა და მზე გამობრწყინდა. გადმოვიდა მეფე ცხენიდან, გაიწვდინა ხელები აღმოსავლეთისკენ და ადიდა ნინოს ღმერთი, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა, რათა იდიდოს მისმა სახელმა და ეს სასწაულის ამბავი ყოველთვის მოიხსენიებოდეს.

თხოთის მთის წმინდა ნინოს ეკლესიაეკლესია
Loading...
4/5 ქულა (2 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 797 მ
მაღალი გამავლობის ავტომობილი მაღალი გამავლობის ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ