Category - Church (Page 25/39)
St.Mary's Church
Church (Kakheti - Akhmeta district)
დარბაზული ეკლესია (მინაშენიანად 5,7 X 5,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია. ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით ნაწყობ გარეთა კუთხეებში აქა-იქ შირიმის ქვებიცაა ჩართული. კედლები გარედან მოსწორებულია ბათქაშით, რომლითაც შევსებულია ნაკერები და ნაწილობრივ დაფარულია ქვის ზედაპირი. მოგვიანებით ეკლესია გარედან შეულესავთ (შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები). ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდანაა. კარი მინაშენის მხრიდან ქვის არქიტრავით ყოფილა გადახურული, ხოლო შიგნით თაღოვანია. თაღი შესასვლელის წირთხლებს უშუალოდ არ ერწყმის, ღიობზე ოდნავ განიერია და ქუსლის დონეზე მცირე საფეხურებს ქმნის. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვის ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ბაქანი ნავის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი აფსიდის კუთხეების დამაგვირგვინებელ მარტივი პროფილის (თარო და ოდნავ შეზნექილი მრუდი) იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ორივე სარკმელი კედლის ზედა ნაწილშია და ქვის ფილებით ჰორიზონტალურადაა გადახურული. ეკლესია მოხატულია. მოხატულობა XIII საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის მოხატულობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი. კონქში წარმოდგენილია ვედრების დიდი ზომის კომპოზიცია, რომელიც ავსებს მთელ კონქს და თითქმის სარკმლის თაღის წვერს აღწევს. მაცხოვრის მონუმენტური გამოსახულება სიდიდით ბევრად სჭარბობს ღვთისმშობლისა და იოანეს ფიგურებს. მაცხოვარს მოწითალო-ყავისფერი ქიტონი და თეთრი ჰიმატიონი აცვია. მის მარჯვენა მხარეზე წვრილი თეთრი ხაზებით იმიტირებულია ღვთაებრივი ნათელი. მოხატულობის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამები ყოფილან გამოსახულნი. კონქის თაღის წინა სიბრტყეზე შერჩენილია ოსტატურად შესრულებული ასომთავრული წარწერის ნაშთები. დარბაზის კედლებზე გამოსახული საუფლო დღესასწაულთა ციკლის სცენები კონქის კომპოზიციასთან შედარებით მცირე ზომისაა. დარბაზის პირველი რეგისტრის მოხატულობა სამხრეთითა და ჩრდილოეთით კამარაშია მოქცეული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ხარება, შემდეგ შობა. დასავლეთ კედელზე გამოსახული სცენის დადგენა არ ხერხდება. ჩრდილოეთ კედელზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოცემულია ნათლისღება და ლაზარეს აღდგინება. მეორე რეგისტრის მხატვრობა შემონახულია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში გაირჩევა ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ჩრდილოეთ კედელზე, დასავლეთით — ამაღლება, აღმოსავლეთით — სულიწმინდის მოფენა. კამარის ცენტრალურ ნაწილში მთელ სიგრძეზე გავლებულია მცენარეული ორნამენტის ზოლი ყოფდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდების მოხატულობას. მხატვრობა მეტად დახელოვნებული ოსტატის შესრულებულია. კომპოზიციები მრავალფიგურიანია. მოძრაობა რბილი და მსუბუქია, პროპორციები — დახვეწილი, ნახატი — მოქნილი და ნატიფი. კოლორიტში ჭარბობს ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და თეთრი ფერები. ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღს ნალესობით ნალისებრი ფორმა აქვს მიცემული. კედლები დასრულებულია ოდნავ გამოშვერილი, ქვიშაქვის ნატეხი ქვებით ნაწყობი, სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან, ჰორიზონტალური შენაკეცები აქვს. ეკლესიას სამხრეთით თანადროული სწორკუთხა მინაშენი ეკვრის, რომლის სამხრეთ კედელში ორმალიანი თაღოვანი შესასვლელია მოწყობილი (აღმოსავლეთის მალი თაღის ქუსლის დონემდე ამოშენებულია). თაღები ეყრდნობა ტლანქად ნაგებ, სადა კაპიტელით დაგვირგვინებულ მრგვალ სვეტს (გვიანდელია). მინაშენში აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სწორკუთხა ტრაპეზი. ეკლესიის ეზოს სამხრეთიდან ქვითკირის საყრდენი კედელი (სიმაღლე დაახლოებით 2 მ, სიგრძე 25 მ) აქვს, რომელიც სამი მძლავრი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული.
St.Mary's Church (Mamukaant Church)
Church (Kvemo Kartli - Tetri tskharo district)
დედაღვთისა - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში გარდამავალი ხანის მნიშვნელოვანი ძეგლი ,,დედაღვთისა” ანუ ,,მამუკაანთ საყდარი”, როგორც მას ადგილობრივნი უწოდებენ, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. მდებარეობს წინწყაროსა და მაწევანს შორის,თეთრი წყაროდან 12 კმ-ზე. ,,დედაღვთისა” წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას.
St.Michael Monsatery Complex in Kabeni
Church (Shida Kartli - Tetri tskharo district)
კაბენის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამონასტრო კომპლექსში. სოფ. კიკეთის მახლობლად, მდინარე ასურეთისწყლის ხეობაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). კომპლექსში შედიოდა: ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები. შემორჩენილი ნახატებისა და ფოტოსურათების მიხედვით კაბენის ტაძარი XIII საუკუნის I ნახევრის ქართულ ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ყოფილა. იგი მცირე ცვლილებებით იმეორებდა ბეთანიის გუმბათოვანი ტაძრის გეგმას (შიგა სივრცის საკითხიც იმგვარად იყო გადაწყვეტილი), მაგრამ, იმავე დროს, არსებითად განსხვავდებოდა მისგან ფასადების მორთულობის სისტემით, რომელიც სამთავის-იკორთის ტაძართა დეკორატიულ სისტემას იმეორებდა.
St.Nicholas Church
Church (Kakheti - Bolnisi district)
ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – დარბაზული ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგის მიერ, რომელიც იყო ვახტანგ V შაჰნავაზის მდივანბეგი ანუ მოსამართლეთუხუცესი.[1] ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით (მოქმედი) და სამხრეთით (გაუქმებული). აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე და დასავლეთის ფასადზე კარებს ზემოთ თითო დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ორი სარკმელია სამხრეთის კედელშიც.
St.Nino Church in Karsani
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
წმ. ნინოს ეკლესია დგას მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიას პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,75 X 7,45 მ). ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარელიეფური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი - ჩრდილოეთით, ორი - სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებულია), ხოლო სამხრეთისაში - ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია). ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი - სწორკუთხა ფილებით.
St.Seraphin of Sarov Church
Church (Kakheti - Dedoflistskharo district)
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი, რომელიც სერიოზულად იყო დაზიანებული 2012 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა. ეკლესია მე–19 საუკუნეშია აშენებული და სერაფიმე საროველის სახელობის ერთადერთი ტაძარია საქართველოში. მეოცე საუკუნის დასაწყისის (სავარაუდოდ 1903-1905 წლები) ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. სამრეკლოს განაპირას. იგი რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ წმ. სერაფიმ საროველის სახელზე აგებული პირველი ტაძარია მსოფლიოში.
St.Shio's Church (Artozani)
Church (Kakheti - Telavi)
წმ.შიოს სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს მდ.თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ.რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ ”ივერია“-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული.