ნარიყალა ციხესიმაგრის სასმელი წყლით მომარაგების საიდუმლოება

ავტორი:
თარიღი:

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი თბილისი, რომელსაც 1520 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, გარეშე მტრების შემოსევის შედეგად მრავალჯერ განადგურებულა და აოხრებულა: თავდამსხმელები ანგრევდნენ და წვავდნენ არსებულ შენობებს და, მათ შორის ქართული მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს სპობდნენ წყალსადენისა და სარწყავი ქსელის ყოველგვარ ნაგებობას, ჩეხავდნენ და ცხენების სადგომებად იყენებდნენ თბილისის სახელმოხვეჭილ ბაღებს.

ახალაღმოჩენილი ძველი წყალსადენისა
და სარწყავი მილის ტრასის სქემა
 

სამშობლოს მიწა-წყლიდან მტრების განდევნის შემდეგ ქართველები ხელახლა იწყებდნენ ქალაქის მეურნეობის აღდგენასა და კეთილმოწყობას.
ძველი თბილისისათვის არათუ სარწყავი, არამედ სასმელი წყლით მომარაგების საკითხიც კი ყოველთვის მტკივნეული იყო.
ცნობილია, რომ ქალაქის მოსახლეობის სასმელ წყალს XIX საუკუნეში მდინარე მტკვრიდან, ბუნებრივი წყაროებიდან და ჭებიდან ურმებით,  სახედრებით ცხენებითა და ზურგითაც კი ეზიდებოდნენ. პროფესიულ წყლის მზიდავებს „მეთულუხეებს“ ანუ „თულუხჩებს“ ეძახდნენ.
ძველი თბილისის განთქმული ბაღები, რა თქმა უნდა, საჭიროებდნენ სისტემატურ მორწყვას, უამისოდაც აქაურ კლიმატურ პირობებში მცენარეულობა ვერ გაიზრდებოდა და ბაღების არსებობაც შეუძლებელი იყო. ამიტომ ბაღის გაშენებამდე, უპირველეს ყოვლისა, სარწყავი წყლის გამოყვანის საქმე უნდა ყოფილიყო მოგვარებული.

ისმის კითხვა, საიდან შემოჰყავდათ ძველ თბილისში მცენარეთა ნარგაობის მოსარწყავად და სასმელად საჭირო წყალი, რომელი მდინარე ან ხევი იყო ამ მხრივ ძირითადი მასაზრდოებელი?
ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია, ვახუშტი ბაგრატიონისა და XVII –XVIII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ტოპოგრაფიული გეგმის მიხედვით, მოკლედ მაინც შემოვფარგლოთ იმდროინდელი თბილისის საზღვრები: ქალაქის სამხრეთი კედელი იწყებოდა ნარიყალიდან (წავკისის ანუ დაბახანის ხევის პარალელურად), გრძელდებოდა დღევანდელი კომკავშირის ხეივნის მიმართულებით და თავდებოდა სიმაგრით, რომელსაც ვახუშტი „შახისტახტს“ უწოდებს. ამ სიმაგრის ნანგრევთა ნაშთები დღემდე შემორჩენილია.
ნარიყალასა და შახისტახტის შორის გავლებული კედლის სიგრძე, გიულდენშტედტის სიტყვით, 60 რუსულ საჟენს უდრიდა. შახისტახტიდან კალას კედელი უხვევდა ქვემოთ, ჩრდილოეთისკენ, დღევანდელი შ. დადიანისა და ყოფილი ილია ჭავჭავაძის და პუშკინის ქუჩების გაყოლებით მიემართებოდა და ბარათაშვილის ქუჩის კუთხემდე გრძელდებოდა, აქედან კი მიჰყვებოდა „ავანაანთხევის“ მარჯვენა ნაპირს, ბარათაშვილის ქუჩის დღევანდელი მიმართულებას, ჩადიოდა მტკვრის ნაპირამდე და თავდებოდა იქ, სადაც დღეს ბარათაშვილის სახელობის (ყოფილი მუხრანის) ხიდია. ამ ძველი გალავნის ნარჩენები დღესაც ჩანს პუშკინის ქუჩის 27 და 29 სახლებს შუა. 
მტრებისაგან მრავალჯერ განადგურებულს, დანგრეულ და გაუკაცურებულ ჩვენს დედაქალაქ თბილისს, მიუხედავად სასახელო გმირული ბრძოლების გადატანისა, XVIII საუკუნეში კიდევ შემორჩენილია უაღრესად მაღალი კულტურა, ტექნიკა არქიტექტურა და ქართველთათვის ჩვეული ოსტატობით აღდგენილი სამუსშაოების გაშლის უნარი. ძველ თბილისში არსებობდა ტყავეულობის, მინის, ლითონის, ფულისა და ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხნები, სტამბა, სამღებრო, ოქრომჭედლური ხელოვნება, მაუდის წარმოება, წისქვილები, შესანიშნავი ბაღები და სხვა.
ყველასათვის ცნობილია თბილისის ტერიტორიაზე ძველისძველი მრავალჯერ დანგრეული და კვლავ აღდგენილი ნარიყალას ციხესიმაგრე. ცხადია, რომ მისი მშენებლობის დაწყებიდანვე ციხის წყლით უზრუნველყოფის საკითხი გარკვეული და მოგვარებული უნდა ყოფილიყო.
რამდენიმე წლის წინ ჩემს მიერ იქნა აღმოჩენილი ერთ-ერთი ასეთი უძველესი წყალსადენი, რომელიც 5 კილომეტრით დაშორებულ ადგილიდან გამოუყვანიათ; ოსტატურად ჩაწყობილი თიხის მილების საშუალებით სასმელი წყლით მარაგდებოდნენ ციხის მებრძოლები და ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
სწორედ ამ წყალსადენზე მსურს მოკლედ მოვუთხრო მკითხველს.

 

ახალაღმოჩენილი წყალსადენის სათავე ნაგებობა

1955 წლის 10 ივნისს ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის ტერიტორიაზე მიწის მოთხრა-მოსწორებისას, ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე შევამჩნიეთ ოსტატურად ნაგები ძველი წყალსადენის ნაშთები. ეს იყო ერთიმეორეში მჭიდროდ ჩასმული კერამიკული (წითლად გამომწვარი, 10 სანტიმეტრის დიამეტრის) თიხის მილები, რომლებსაც ზემოთ ეგოთ და ზემოდანაც ეფარათ ორ ქანობად ძველებური კვადრატული (ეგრეთწოდებული „ქართული“) აგურები, ზომით 22 X 22 X 5 სანტიმეტრი ამრიგად, მილსადენი სამკუთხა განივკვეთიან ბუდეში იყო მოქცეული და მონაცრისფერო კირის დუღაბით იყო დამაგრებული. განათხარ ფართობზე მილსადენის ნაშთი რამდენიმე ადგილას გავაშიშვლეთ და აშკარა გახდა, რომ იგი თბილისისაკენ მოემართებოდა.
მილების, აგურისა და დუღაბის რამოდენიმე ნიმუში, მოკლე აღწერილობითურთ, იმავე დღეებშივე გადაეცა თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩვენ განვაგრძეთ აღმოჩენის ადგილისა მისი მიდამოების შესწავლა, რათა გაგვეკვლია ძველი წყალსადენის ტრასა და სათავე. ამ წინასწარ საძიებო მუშაობას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა კონსულტაციით ვწარმოებდით.
განათხრის ზემოთ რამდენიმე ადგილას ჩაჭრილმა ვიწრო თხრილებმა კვლავ გამოავლინა სრულიად იმგვარივე მილსადენი და ჩვენს თვალწინ წარმოდგა მარჯვე და მოხდენილი ოსტატობით ნაგები ძველი წყალსადენის ახალ-ახალი ნაწილები. 
ამგვარმა ძიებამ მოგვიყვანა იმ ადგილამდე, სადაც, ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსადენის სათავე ყოფილა. იგი მდებარეობს სოფელ ოქროყანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის კანტორის მახლობლად, კოჯრის ასფალტიანი გზის პირას, კომკავშირის ხეივნიდან სამი კილომეტრის დაშორებით. ამ ადგილებში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მდგარა ორი დუქანი (ოქროყანელი მებატონეების გაბაშვილებისა და პოლტარაცკის), რომელთა მიხედვითაც მათ უკან მდებარე მცირე ხევს შერქმევია „დუქნებისუკანა ხევი“. ამ ხევის საწყისში გამოდის ორი წყარო, რომელთა შორის ხელოვნურად ჩაჭრილია ხევის კლდოვანი კალაპოტის ნაპირები. ოქროყანელი მოხუცების გადმოცემით ზემო წყაროს წყალი ამ კალაპოტით მიემართებოდა და იერთებდა მეორე წყალს, რომელიც მისგან 70-იოდე მეტრზე გამოდის. მეორე წყაროს ქვემოთ, სალ კლდეზე ჩანჩქერია, ხოლო მის გვერდით გამოჭრილია გვირაბი (დიამეტრით 1,5 მეტრი), საიდანაც დღესაც სდის წყარო და რომლის სიგრძე 14 მეტრია. მას ტეხილი მიმართულება აქვს. გვირაბი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 7,5 მეტრი სიგრძით მიემართება, შემდეგ ორ მეტრზე დასავლეთით უხვევს, ბოლოს ისევ 4,5 მეტრზე სამხრეთისაკენ იცვლის მიმართულებას. ჩანჩქერის ძირიდან გვირაბი 2,5 მეტრ სიმაღლეზეა მისი ფსკერი დაქანებულია ისე რომ წყალი მასში თავისუფლად გამოედინებოდა. გვირაბის ტეხილი მიმართულება იმით უნდა აიხსნას, რომ მისი გამჭრელები ცდილობდნენ ამით შეემცირებინათ ნაკადის სიჩქარე, რათა წყლის დაგროვებისას აუზში ნაკლები ყოფილიყო წყლის ჰიდრავლური დარტყმა-დაწნევა და დაგროვებისათვის ხელი არ შეეშალა. ამავე მიზნით გვირაბის შიგნით სიმაღლე მეტია, ვიდრე შესასვლელში.

ახლადაღმოჩენილი წყალსადენის თაღოვანი ხიდი,
სადაც წყობაში ჩატანებულია წყალსადენის ჩაკირული მილები

გვირაბის ქვემოთ, საკმაოდ დაქანებული ფერდობის გარდიგარდმო გადაკვეთით დაახლოებით 2 კილომეტრზე, წყალსადენი მიემართება აღმოსავლეთით, შემდეგ გადაჰკვეთს ახლანდელ კოჯრის გზატკეცილს, 500 მეტრს გაივლის ჩრდილოეთისაკენ, ფუნიკულიორის მიმართულებით (იქ სადაც კლდოვანი ფერდობები სოლოლაკს დაჰყურებენ) შემდეგ ისევ აღმოსავლეთით უხვევს და ჩადის სოლოლაკის განაოირა სახლებთან, კოჯრის ახალი გზის ქ.N7 და N10 სახლებს შორის. ბოლოს წყალსადენი ერთხანს იკარგებოდა და თავს იჩენს მხოლოდ „ქვის დუქნის ხევთან“, რომელიც ხელოვნურად უნდა იყოს გაჭრილი. აღნიშნული ხევის დასავლეთი მხარის ნაპირზე ქალაქის ამ უბნის ნიაღვრისაგან დაცვის მიზნით, აშენებულია 500 მეტრი სიგრძისა და 1, -1,5 სისქის ქვითკირის ძლიერი სამაგრი კედელი. ამ ხევში შემორჩენილია უაღრესად საყურადღებო ძველი ნაგებობა, რომელიც უკვე მიკვლეულ წყალსადენთან არის დაკავშირებული. ეს არის ქართული აგურით ნაშენი მცირე თაღოვანი ხიდი, რომლის ერთი ბოლო აღნიშნული ხევის კლდოვან ნაპირს ეყრდნობა, ხოლო მეორე - ხევის მეორე მხარეს დაყოლებულ ქვითკირის სამაგრ კედელს. ამ „ხიდში“ კარგად ჩანს შიგ წყობაში ჩატანებული ჩაკირული მილები იმავე წყალსადენისა, ასე რომ ეს ხიდის აქვედუკია და მას სხვა დანიშნულება არც უნდა ჰქონოდა. ამის შემდეგ წყალსადენი ჩატანებულია აღნიშნულ სამაგრ კედელში და გამოდის ზედა გზატკეცილის პირას. იგი ეტყობა პირდაპირ შიდა ციხეში შედიოდა (ახლანდელი კომკავშირის ხეივნის მიმართულებით).

დახურული სარწყავი მილი
მილი შენიღბულად მიემართება ნარიყალას ციხესიმაგრისკენ

ამრიგად, საეჭვო აღარ უნდა იყოს, რომ აქ საქმე გვაქვს ძველ წყალსადენთან, რომელსაც ოქროყანის მიდამოებიდან 5 კილომეტრზ (იხილეთ თბილისის მიდამოებში ახლად აღმოჩენილი წყალსადენის ტრასა, რუკაზე აღნიშნული), მოჰყავდა წყაროს სუფთა და ცივი წყალი თბილისის ძველისძველი მრავალგზის დანგრეულ-აღდგენილ შიდაციხეს მოსამარაგებლად. რა თქმა უნდა, მის კარგად მოწყობასა და რაც მთავარია, ოსტატურად შენიღბვას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ციხეში გამაგრებულ დამცველთა სიმტკიცისა და გამძლეობისათვის. მართლაც, სადაც კი მოვაკვლიეთ ამ წყალსადენის ნაშთებს, ყველგან აშკარად ჩანს, რომ იგი ოსტატურად შეუნიღბავთ და მტრისთვის ძნელი მისაგნები გაუხდიათ (გვირაბიანი სათავიდან უკანასკნელ აქვედუკამდე და სამაგრ კედლამდე).
დღესდღეობით ამ წყალსადენის თარიღის შესახებ გარკვევით უნდა ითქვას, რომ იგი ძველისძველი ციხის მშენებლობასთანაა დაკავშირებული და ერთ-ერთ ძველ წყალსადენს წარმოადგენს; რაც შეეხება ზოგ ადგილას მის შეკეთება განახლებას ეს უფრო გვიან შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
ერთი რამ ცხადია, ციხე-სიმაგრის არსებობა უწყლოდ შეუძლებელი იყო, ამიტომ წყლის გაყვანის საკითხი ციხესიმაგრის მშენებლობასთან ერთად მოგვარებული იქნებოდა.

 

სტატიის ავტორი – გალაკტიონ მინდაძე; 
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“ N45, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977 წ.

 

წყარო: www.dzeglebi.ge

კომენტარები
იტვირთება...