ლაშქრობა (დამწყებთათვის)

ავტორი:
თარიღი:

ლაშქრობა – სპორტული ტურიზმის სახეობა. როცა მოგზაური ფეხით მგზავრობს და თავშესაფარი და სურსათი ზურგით დააქვს, ამას ტურისტული ლაშქრობა ჰქვია. ეს ისეთი პოპულარული საქმიანობაა, რომ არსებობს უამრავი ფეხით მოგზაურობის ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლაშქრობაში საჭიროა მსუბუქი, კომპაქტური აღჭურვილობა, მათ შორის — პატარა კარავი და საძილე ტომარა, ხოლო შორ ადგილებში ლაშქრობისას — სამყოფი საჭმელ–სასმელი, ფარანი, კარგი რუკა და კომპასი (ან GPS-ი). 

როგორ მოვემზადოთ ხანგრძლივი ლაშქრობისთვის

ორზე მეტ დღიანი ლაშქრობისთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ. უნდა დავფიქრდეთ შევძლებთ თუ არა კონკრეტული მარშუტის გავლას,ეს საჭიროა იმისთვის, რომ სხვა მოლაშქრებისთვის არ გავხდეთ მუხრუჭი, ეს იმოქმედებს როგორც თქვენ ნერვებზე ასევე - სხვის ნერვებზეც, მაგრამ როგორც წესი სურვილს ყოველთვის დიდი როლი აქვს ანუ თქვენ თუ გექნებათ სურვილი რაღაცის გაკეთებისა ამას აუცილებლად გააკეთებთ. ასევე უნდა ვიცოდეთ რომ ლაშქრობისას, როგორც წესი მოკლებული იქნებით "ევროპულ" საპირფარეშოსა და აბაზანას, მათ შემცვლელად იქნება ბუჩქები, ხეები და მდინარები.ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე წინასწარ უნდა დაფიქრდეს ყველა დამწყები მოლაშქრე.

ეხლა უფრო კონკრეტულად:
ორზე მეტ დღიანი ლაშქრობისთვის აუცილებელია:

  1. ჩანთა - აუცილებლად ზურგზე კარგად მორგებული. სასურველია ცნობილი ფირმის, ძვირადღირებული,მაგრამ თუ არის იაფფასიანი ჯობს ნაკერები ორმაგად გადააკერებინოთ. ლაშქრობისას ჩანთის დაზიანებამ შეიძლება დიდი პრობლემები გაგვიჩინოს.
  2. ფეხსაცმელი - სასურველი არ არის ახალი ფეხსაცმლით წასვლა ლაშქრობაში, ამ დროს არის ფეხის დაზიანების ანუ გადაყვლეფის დიდი ალბათობა. ლაშქრობამდე რამოდენიმე დღით ადრე ჯობია ფეხსაცმელი მოვთელოთ და გარკვეული მანძილი გავიაროთ.
  3. დანა - სასურველია საშუალო ზომის, ნაკლებად მძიმე.
  4. საწვიმარი - გამოდგება როგორც წვიმისგან დასაცავად, ასევე კარვის გასაკეთებლად.
  5. პირადი ჰიგიენის ნივთები
  6. ასანთი - სასურველია რამოდენიმე ცალი. შევინახოთ სხვადასხვა ადგილას წყალგამძლე პარკში.
  7. პირადი აფთიაქი.
  8. წინდები და ტანსაცმელი - სასურველია რამოდენიმე წყვილი.
  9. ქუდი - მზისგან დამცავი საშუალებები გამოდგება როგორც კეპი ასევე პანამა. ასევე მზისგან დამცავი კრემები.(მთაში მზე განსაკუთრებით მცხუნვარეა)
  10. პარალონი - სასურველია მაგარი. რბილი ადვილად იხევა და არაკომფორტულიც არის.
  11. ფანარი - სასურველია თავზე გასაკეთებელი ძალიან მოსახერხებელია და საჭირო რიგ შემთხვევებში.

ცალკე განვიხილოთ მხოლოდ რამოდენიმე პუნქტი ამ ჩამონათვალიდან.
პირადი აფთიაქი:

  1. სასურველია შევინახოთ პლასტმასის წყალგაუმტარ კონტეინერში.
  2. სტერილური ბინტი ერთი ან ორი ცალი
  3. ელასტიური ბინტი ერთი ცალი (0.5 მეტრი)
  4. იოდი
  5. სველი ხელსაწმედი
  6. ფოროვანი ლეიკოპლასტირი ((სანტავიკი) სასურველია რამოდენიმე ცალი)
  7. ანტიბიოტიკი (ციპროფლოქსაცინი ან ციპრობაი ან ციპრინოლი 500მგ) 10-12 ტაბლეტი
  8. ტკივილგამაყუჩებელი (ტორადოლი 6 აბი)
  9. რეჰიდრონის პაკეტი (ფაღარათის დროს) 2 პაკეტი
  10. წყალბადის ზეჟანგი (პლასტმასის ბოთლში!) ჭრილობების დასამუშავებლად
  11. თუ ადამიანი ალერგიულია – უნდა ატაროს ტელფასტი ან სუპრასტინი ან ტავეგილი (ფუტკრის ან სხვა შხამიანი მწერის კბენის შემთხვევაში).
  12. გაციების საწინაღმდეგო სპეციალური ჩაის ფხვნილები.
  13. ვალერიანი ან ვალიდოლი

P.S. ეს არის სასურველი წამლების ჩამონათვალი. აუცილებელი არ არის ყველაფერი თან ატაროთ, აირჩიეთ შეხედულებისამებრ.
ეს ნივთები არ დაიკავებს დიდ ადგილს თქვენს ჩანთაში, სამაგიეროდ შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ ლაშქრობისას.

პირადი ნივთები:

  1. ჭიქა - სასურველია ალუმინის ან პლასტმასის
  2. თეფში - სასურველია არა ერთჯერადი
  3. კოვზი, დანა, ჩანგალი - სასურველია სპეციალური დასაკეცი
  4. ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები
  5. კბილის ჯაგრისი

ჯიპ-ტურის დროს სასურველია თან იქონიოთ:

  1. რაციები
  2. პატარა ნიჩაბი
  3. GPS ნავიგატორი

კვება ლაშქრობაში

ორზე მეტ დღიანი ლაშქრობის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. ვინაიდან უჭმელობა ენერგიის სწრაფ კარგვას იწვევს. დღეში ლაშქრობისას იხარჯება 3500-4000 კალორიამდე, გააჩნია რელიეფს და სირთულეს. უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ მაღალკალორიულ საჭმელს.

ცილა: ყველი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო, ლობიო, სოიო, არახისი, სოკო, თხილი.
ცხიმი: კარაქი, მარგარინი, ცხოველური ცხიმები, რძის ნაწარმი
ნახშირწყალი: თაფლი, ხილი, ბოსტნეული, შაქარი, თეთრი პური, მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი

თან ვატაროთ:

  1. პური
  2. ორცხობილა
  3. სუპის კონცენტრატები
  4. პიურეს კონცენტრატები
  5. ხორცი და თევზი
  6. ძეხვი და პაშტეტი
  7. ყველი ჩვეულებრივი ან მდნარი. საუკეთესოა შებოლილი, ასევე დაწნული.
  8. შედედებული რძე
  9. შაქარი, მარილი, ჩაი, ყავა
  10. მიწის თხილი, ქიშმიში, ხალვა, ჩურჩხელა
  11. შოკოლადი – სიცხეში მალე კარგავს ფორმას, ამიტომ ჩალაგებისას სად დებთ მიაქციეთ ყურადღება. სნიკერსი იდეალურია.
  12. კანფეტი - სასურველია საწუწნი

ეს ჩამონათვალი არის რეკომენდაცია და არა აქსიომა. საჭმელი საკუთარი შეხედულებისამებრ აარჩიეთ.

როგორ ჩავალაგოთ ჩანთა


ხანგრძლივი ლაშქრობისას გასათვალიწინებელია ის თუ როგორ ჩავალაგებთ ჩანთას. როდესაც ყველა ნივთს ერთად მოკრიბავთ, შეეცადეთ გადარჩიოთ აუცილებელი და ნაკლებად აუცილებელი ნივთები. ხანგრძლივი ლაშქრობისას არაფერში გჭირდებათ ზედმეტად მძიმე, გამოუსადეგარი ნივთები, მაგალითად წიგნები ან ქოლგა.
ყველა ნივთი მოათავსეთ ერთად და კიდევ გადახედეთ, გაქვთ თუ არა ყველა ის ნივთი, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ. უმნიშვნელო მაგრამ საჭირო ნივთის დავიწყების შემთხვევაში შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ. სასურველია თუ გექნებათ სია საჭირო ნივთების და აღნიშნავთ ყველა ნივთს.
ჩანთის ჩალაგებისას გავითვალისწინოთ მოლაშქრის ოქროს წესი ყველა მძიმე ნივთი მოვათავსოთ ჩანთის ძირში ან ზურგთან ახლოს, ჩანთის ბოლოში ასევე ჩაალაგეთ ნივთები რომელიც სიარულის დროს არ დაგჭირდებათ, მაგალითად ტუშონკები ან საძილე ტომარა. ნივთები, რომელიც შეიძლება გზაში დაგჭირდეთ უმჯობესია ზემოთ ან გარეთა ჯიბებში იქონიოთ, მაგალითად საწვიმარი ან პატარა აფთიაქი. წონის სწორად გადანაწილების შემთხვევაში ჩანთის როგორც მოკიდება, ასევე ტარება სასიამოვნო იქნება.
ყველა ნივთის ჩანთაში მოთავსების მერე მოიკიდეთ ჩანთა, შეამოწმეთ ჩანთის ზურგთან შეხება, წონის თანაბარი გადანაწილება ორივე მხარეს. შეამოწმეთ ყველა ღვედი, რომელიც ჩანთას აქვს, ასევე ყველა შესაკრავი, ასევე შეამოწმეთ ხომ არ არის რაიმე დაზიანებული. კარავს,პარალონს და სხვა ისეთ ნივთებს, რომელსაც წვიმის არ ეშინია შეგიძლიათ ჩანთის გარედან დაკიდოთ.
არ შეიძლება ჩანთის როგორც სწრაფად მოკიდება ასევე მოხსნა. შეეცადეთ ორივე ქმედების დროს ჩანთა რაიმეზე დადოთ და ისე მოიხსნათ ან მოიკიდოთ, თუ ასეთი ახლო-მახლო არაფერია მაშინ გამოიყენეთ მეორე მოლაშქრის მუხლი.
ბედნიერ ლაშქრობებს გისურვებთ და გახსოვდეთ რომ ლაშქრობაში თუ სხვასთან ერთად ხართ ყოველთვის იფიქროთ მასზე და არა მარტო საკუთარ თავზე ასე უფრო სასიამოვნო ლაშქრობა გამოვა.

 

ავტორი: მოგზაურთა კლუბი იეტი

კომენტარები
იტვირთება...