Region of Shida Kartli (Page 22/23)
მწვანე საყდარი
Church (Shida Kartli - Kareli district)

ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლიდან 5 კილომეტრზე, ნასოფლარ ცილისწყაროს ჩრდილოეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (9,6 X 6,2 მ), ნაგებია კირქვითა და შაბიამნისფერი ტუფით (სავარაუდოა, აქედან მომდინარეობს ეკლესიის სახელწოდება). გარედან ტიმპანით, ხოლო შიგნიდან თაღით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. სამხრეთის ნიში წრის სამი მეოთხედის ფორმისაა, ჩრდილოეთისა - სწორკუთხა. ერთი სარკმელი დასავლეთითაა, ორი - სამხრეთით. სარკმლები თაღოვანია. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. გრძივ კედლებზე თითო წყვილი დეკორატიული თაღია. ეკლესიას მთელ პერიმეტრზე ლილვიანი საფეხური მიუყვება. ფასადის დეკორი ძირითადად მოყვითალო ფერის ქვაზეა ამოკვეთილი. სარკმელთა საპირეები მსგავსი ხერხით არის შესრულებული - მთლიანად ფართო ჩუქურთმიანი არშიითაა გარშემორტყმული. არშიის ჩარჩოს ორმაგი ლილვი აქვს შემოვლებული. ქვემოთ, კუთხეში ორნამენტირებული სწორკუთხედებია. აღმოსავლეთის და დასავლეთის სარკმელთა საპირეების ქვედა შემკრავი ლილვები ფასადის ღერძზე ვერტიკალურად ეშვება და ეყრდნობა ეკლესიის საფეხურს. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის მოჩარჩოების თაღოვან ნაწილზე სიმეტრიულად განლაგებულია სამი გირჩი. სარკმლის საპირესა და გირჩებს გარედან შემოვლებული აქვს შეწყვილებული გრეხილი ლილვების ერთსაფეხურიანი დეკორატიული თაღი, რომელიც ორნამენტირებულ სწორკუთხა ფილებს შეწყვილებული ბურთულებით ეყრდნობა. დასავლეთ ფასადზე სარკმელს სწორკუთხა ორნამენტირებულ ფილებზე დაყრდნობილი გრეხილი ლილვებითა და ფართო ორნამენტირებული არშიით შეკრული თაღი აქვს. სამხრეთ ფასადის სარკმლები მოჩარჩოებულია ორნამენტირებული არშიით. ამ ფასადზე შესასვლელ კარს შემოუყვება ორი გრეხილი ლილვი და ფართო ორნამენტირებული არშია, რომელიც ეყრდნობა ორნამენტირებულ სწორკუთხა ფილას. ეკლესიას გრეხილი ლილვისა და ორნამენტირებული წრეთარგისგან შედგენილი ლავგარდანი ჰქონდა.
სოფელი შატილი (ძველი შატილი)
City/Village ruins (Shida Kartli - Dusheti district)


ართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
ფარცხისის ციხე
Castle/Tower (Shida Kartli - Tetri tskharo district)
ფარცხისის ციხე – ციხესიმაგრე თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე. ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027 -1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული.
ქსნის არმაზის ეკლესია
Church (Shida Kartli - Akhalgori district)

არმაზი ქსნისა, წმ. გიორგის ეკლესია, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, სოფ. არმაზის მახლობლად. აგებულია 864 წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. გუმბათის ყელი არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.