შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 15/20)
ტირძნისის ციხე-გალავანი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ციხე-გალავანი გეგმით კვადრატულია (30X30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX-ის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლების გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით.
ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,3X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვით (წყობა ირეგულარულია), გამოყენებულია ღვინისფერი თლილი კვადრებიც. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დეკორატიული თაღი და ლავგარდანი, ჩამოცვენილია შიდა შელესილობა; აღმოსავლეთ კედლის ზოგიერთ ნაწილში ჩანს აგურის გვიანდელი ჩანაერთები. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთით (ამჟამად გაუქმებულია), მეორე - სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. ამ შესასვლელის თაღში ჩადგმულია ტიმპანის მთლიანი ქვა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება (აფსიდის სხვა კომპონენტების ჩაშენების გამო არ გაირჩევა).
ტყვიავის ციხე-დარბაზი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე-დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც.
ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ტყვიავის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (5,83X4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები სარკმლის საპირეები და ორსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. ლავგარდანი და სახურავი ძლიერაა დაზიანებული. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კუთხეშია. მცირე სიღრმის რკალური აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ცილინდრული კამარა გრძივ კედლებს ეყრდნობა.
ულუმბოს მონასტერი
მონასტერი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
ულუმბოს მონასტრის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს. ულუმბოს მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, ხაშურის ჩრდილოეთით 13 კმ-ში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში.
ურბნისის ნაქალაქარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
რბნისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა. ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. არქეოლოგიურმა კვლევამ ახლანდელ ურბნისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინა ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან. საკმაოფ ძლიერი, დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე. სავარაუდოა, ძვ. წ. ათასწლეულის შუა ხანიდან აქ სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქალაქის პირველ სახედ. ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება
უფლისციხის ნაქალაქარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: ~აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაკის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელიც აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან და იყო ქალაქი ჩინგისამდე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, დამ ას შინა კუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა… გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.~
უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ღვთისმშობლის ეკლესია (3,5X2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.
უფლისციხის ყვავის საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ყვავის საყდარი (ეკლესია) არის დარბაზული (10,6 X5,7 მ). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ეკლესიის ნაგებობის მახლობლას მისივე სახელწოდების ძველი ნამოსახლარია.
ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ფავნისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (12.4X10.8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ. ეკლესიის კედლები შელესილია, გაირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია