კახეთის რეგიონი (გვერდი 11/16)
ოზაანის ამაღლების ტაძარი
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)

XI – XII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. ოზაანთან. ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ კედელზე იყო თამარ მეფის ფრესკა, თუმცა სამწუხაროდ ფრესკამ ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია.
პანკისის ციხე (თორღვას ციხე)
ისტორიული ძეგლი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ–ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ–ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ–ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40–იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა.
საპიკნიკე - „ხიხვის” ვენახი
სხვადასხვა (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სახოხბის საპირისპირო მხარეს საპიკნიკეა მოწყობილი, რომელიც უიშვიათესი კახური ჯიშის - „ხიხვის” ვენახს და არწივის ხეობას გადაჰყურებს. „ხიხვი“ ადგილობრივი (ალაზნის კერის), მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოსა და სადესერტო-ლიქიორულ ღვინოს.
სახოხბე
ნაკრძალი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სახოხბე ყოღოთოს ხეობაში მდებარეობს. ის ა/ო „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ დააარსა კავკასიის ბუნების ფონდის (IUCN) დახმარებით და მისი მიზანია კოლხური ხოხბის გენოფონდის შექმნა ვოლიერულ პირობებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე მათი ბუნებაში გაშვება. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ბერძნებმა მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ლათ. Phasianus colchicus; Phasis – მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან).
სიღნაღის ციხე-გალავანი
ციხე-კოშკი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)

ისტორიკოს პ. იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. თითქმის ასეთივე ცნობა მოეპოვება ვახტანგ ბატონიშვილს. იგი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. მემატიანე ომან ხერხეულიძე კი მხოლოდ ციხის განახლებას აღნიშნავს. მასთან ვკითხულობო. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა...“ და სხვ. სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის შესახებ წარმოდგენა გვექმნება XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ციხის შესასვლელებსა და კოშკებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი სახელები.
სოფელი ომალო (ძველი ომალო)
ნაქალაქარი/ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)


სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე პირიქითი ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:დანო, დართლო, დოჭუ, ქუმელაურთა, შენაქო, შტროლთა, ხახაბო, ხისო). ზღვის დონიდან 1880 მეტრი, ახმეტიდან 90 კილომეტრი. თუშეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელი დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ტახტითეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, და სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.