წმ. შიოს ეკლესია (არტოზანის)

წმ. შიოს ეკლესია (არტოზანის)

მოკლე აღწერა: წმ.შიოს სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს მდ.თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ.რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ ”ივერია“-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა.

დამატებითი ინფორმაცია: ეკლესია კარგადაა განათებული 8 ფართო სარკმლით, რომელთაგან სამი აბსიდაშია გაჭრილი, ორ-ორი სამხრეთისა და დასავლეთის, ხოლო ერთი ჩრდილოეთის კედელში. სარკმელთა წირთხლები შიგნითკენ იშლება. ტაძრის კამარა პილასტრებსა და ცრუ პილასტრებს ეყრდნობა. აბსიდაში სამსაფეხურიანი ცოკოლია შექმნილი. საკურთხეველი დარბაზისგან ქვის კანკელით ყოფილა გამოყოფილი, ახლა მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. კანკელში გაჭრილია აღსავლის კარი და სამკვეთლოში შესასვლელი ღიობი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია კარი, რომლითაც იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ეს უკანასკნელი მარანს წარმოადგენს. იგი ორსართულიანი ყოფილა. XX ს. ბოლოს ჩატარებული რესტავრაციის ”წყალობით“ მეორე სართული ბეტონის კამარითაა გაუქმებული და საერთოდ აღარ აღიქმება. მარანში საწნახელი დღესაცაა დაცული. ტაძარს სამხრეთ კედლის ცენტრში მიშენებულია კარიბჭე, რომლის ცენტრალური კამარა ამჟამად ბეტონის ნახევარწრიული კამარითაა შეცვლილი. ასეთივე კარიბჭე უნდა ჰქონოდა ტაძარს დასავლეთის მხრიდან. ამჟამად ამ კედელზე მიდგმულია მოგვიანო პერიოდში აშენებული რიყის ქვის ორფერდასახურავიანი ნაგებობა და სამრეკლო. ეკლესიის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილი ჯვრების გამოსახულებებს. ტაძარი ნაგებია XIII ს. შუა წლებში, ამავე დროს, 1247-1259 წწ. ის მთლიანად მოუხატავთ. ამჟამად მოხატულობა შემორჩენილია აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. მონასტრის ნაგებობებიდან შედარებით იკითხება ტაძრის აღმოსავლეთით მდგარი ორსართულიანი ქვის ნაგებობა, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზეა წაგრძელებული. ნაგებობის დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში ქვისავე კიბეა ამოყვანილი მეორე სართულზე ასასვლელად. ტაძრის ისტორიის შესახებ წყაროები არაფერს ყვება. მას მოკლედ ეხებიან ფილადელფოს კიკნაძე, ივანე კერესელიძე და კირიონ ეპისკოპოსი.

წმ. შიოს ეკლესია (არტოზანის)ეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიზუსტე 20 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 665 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ