იყალთოს მონასტერი
მოკლე აღწერა: სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
დამატებითი ინფორმაცია: იყალთოს ფერისცვალების მონასტერი. XII ს.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თელავის ჩრდილო – დასავლეთით 8 კმ-ზე. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები. მათგან ყველაზე ძველია სამების ეკლესია, რომელიც VI ს-ში დააარსა ერთ-ერთმა “ასურელმა მამამ” ზენონმა, უმცროსი სვიმონ მესვეტის მოწაფემ. არც ისე დიდი ეკლესიის შენობა ჯვრულ – გუმბათოვანი ნაგებობაა. რესტავრაციის შემდეგ შეცვლილია, მაგრამ მისი ადრინდელი სახის წარმოდგენა შესაძლებელია.
მთავარი ეკლესიაა ფერისცვალების “ღვთაება”, რომელიც აგებული უნდა იყოს VIII – IX საუკუნეებში, მონასტრის დამაარსებლის ზენონის დაკრძალვის ადგილას. ეს ეკლესიაც ჯვრულ – გუმბათოვანი ნაგებობაა, საკურთხეველთან ნალისებური აფსიდით. ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს მთელ დასავლეთ ფასადზე გამავალი კარიბჭე. ეკლესია გადააკეთეს X – XII საუკუნეებში, მაგრამ მისი ადრინდელი ფენები კარგად ჩანს. ეკლესიის დაარსების დროინდელი ორი წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე ძნელად იკითხება.
ყველაწმინდის ეკლესია XII – XIII საუკუნისაა. საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს იყალთოს აკადემია. იგი VIII – IX საუკუნეებშია აშენებული, ხოლო XI – XII ს-ში გელათიდან გადმოსულმა არსენ იყალთოელმა აქ აკადემია დააარსა.
აკადემიის შენობა, რომელიც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს, ორსართულიანი და დიდი ზომის იყო (43 მ X 35 მ). ნაშენი იყო რიყის ქვით. განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე სართულის მოჩუქურთმებული ორმაგი სარკმელი. აკადემია შუა საუკუნეებში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური შოთა რუსთაველი.
აქ არსებული წარწერები მოგვიანო ხანისაა. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოთავსებულია აგდეთვე დიდი სატრაპეზო, მარანი და სხვა ნაგებობანი.
![იყალთოს მონასტერი](/storage/uploads/pois/Ikalto_church_1-(20141018114939).jpg)
![geo](/theme/img/geo-flag-48x48.png)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 719 მ
![მაღალი გამავლობის ავტომობილი](/theme/img/jeep-safari.png)
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში